მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პირობას დებს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, გიორგი ფარესიშვილის მიერ გამოძიებისთვის მის ხელთ არსებული მასალების წარდგენის შემთხვევაში , ლაშა ნაცვლიშვილის, გია ხუხაშვილისა და გელა ხვედელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება ჩატარდება.
ამის შესახებ კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ თუ ფარესიშვილმა "არაფერი წარმოადგინა, ვერაფერს გამოიძიებენ".
ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, მისმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა, როგორც პროკურორმა, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენაში დიდი როლი შეასრულა.
"შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავება უკავშირდებოდა იმ ფაქტის დადგენას, რომ გელა ხვედელიძემ გაავრცელა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რაც დანაშაულია. სწორედ ამის გამო იქნა ის მხილებული. სხვათა შორის, ამ საკითხის გადაწყვეტაში, შს მინისტრთან ერთად, როგორც პროკურორმა, დიდი როლი ითამაშა ლაშა ნაცვლიშვილმა. ის პირადად მონაწილეობდა ამ საქმის გახსნაში. რაც შეეხება ლაშას ან სხვათა მიმართ იმ ინფორმაციას, რასაც ფლობს ფარესიშვილი _ მან უნდა მოგვმართოს, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და ჩვენ შევუდგებით მის გამოძიებას. ვიქნებით იმ მოვალეობის შემსრულებელი, რასაც კანონი გვაკისრებს. ჯერჯერობით მისგან ვისმენთ მხოლოდ იმას, რომ მას აქვს ფაქტები და მონაცემები კანონდარღვევების შესახებ, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რაზე გვესაუბრება. ამიტომ, აქამდეც ვერაფერს შევისწავლიდით და ვერც მომავალში ვერაფერს შევისწავლით, თუ კონკრეტულად არ იქნება წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია. როგორც კი ფარესიშვილი წარმოადგენს მის ხელთ არსებულ მონაცემებს, გპირდებით, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად. ჯერჯერობით პროკურატურაში არანაირი მასალა არ არის შემოსული და მხოლოდ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერით ვისმენთ, რომ რაღაც "კვერცხების ბიზნესზეა" საუბარი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში, ის ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებული ისტორიის სრულად გამოძიების თაობაზე პრემიერის მრჩევლის, გია ხუხაშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დასაწყებად "მარტოოდენ პროკურატურისთვის მიმართვა არ არის საკმარისი".
"რაც შეეხება გია ხუხაშვილის მოწოდებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამოძიების დასაწყებად მარტოოდენ პროკურატურისთვის მიმართვა არ არის საკმარისი. უნდა იყოს რაღაც ფაქტები, რომლის შესახებაც გამოძიების წარმოება მოხდება. ალბათ, განცხადების გაკეთებისას ბატონ გიას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ როცა ფარესიშვილი წარმოადგენს იმას, რის წარმოდგენასაც აანონსებს, მოხდეს მისი ობიექტური გამოძიება და ამას გავაკეთებთ. თუ მან არაფერი წარმოადგინა, თავისთავად ცხადია, ვერაფერს გამოვიძიებთ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება გიორგი ფარესიშვილის მიერ ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას, კბილაშვილის თქმით, მისი მოადგილის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. "გელა ხვედელიძე იმიტომ კი არ იქნა თანამდებობიდან გადაყენებული, რომ ეს ვინმეს მოთხოვნა იყო, არამედ იმიტომ, რომ გამოვლინდა დანაშაულებრივი ფაქტი, რაც, სავარაუდოდ, მის მიერ იქნა ჩადენილი. ასე რომ, ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფაქტებზე და არა მოთხოვნაზე დამყარებული", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საკითხზე გამოძიება გრძელდება.
"გამოძიების ამ ეტაპზე ვლინდება მხოლოდ გელა ხვედელიძის ქმედება ამ ვიდეომასალის გავრცელებაში. სხვა პირი ამ ეტაპზე დადგენილი არაა და გამორიცხული იქნება მაშინ, როცა გამოძიება დასრულდება. გამოძიება კი ჯერ გრძელდება, არ დასრულებულა. საქმე გაიხსნა ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ ის, ვინც ეს შეასრულა, გამოვლინდა, სხვა პირების მონაწილეობა ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა საბოლოო შედეგი როგორი იქნება, ამის პროგნოზირება მიჭირს", - აღნიშნა კბილაშვილმა.