ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ევროპის ვაჭრობის , კომერციისა და მრეწველობის ეკონომიკური პალატის წარმომადგენლებს - ევროპის ეკონომიკური პალატის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტ ვუგარ რამაზანოვს, ვიცე-პრეზიდენტ ილგარ ალიევსა და საბჭოს სპიკერ კარიმ ალირზაიევს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ევროპის ვაჭრობის, კომერციისა და მრეწველობის ეკონომიკური პალატის წარმომადგენლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ასევე, პალატის წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრების განცხადებით, ორგანიზაციის მიზანი, ევროპის წამყვანი ბანკებიდან შეღავათიანი კრედიტების მიღება და ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან ახალი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაა.
"ევროპის სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონკრეტული ბიზნეს-პროექტების განხორციელებას. ვთვლით, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.