დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას "დიდ მონსტრს" უწოდებს და განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებებისთვის ოპტიმალური დრო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგება.
პარლამენტის თავმჯდომარე უწყების რეფორმირებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს უკავშირებს.
"ამ წუთისთვის უშიშროების სისტემა ცალკე არ არსებობს, ამიტომ უფლებები ვერ გაიმიჯნება. წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მონსტრად აქცია, რაც სწორი მოწყობა არ არის. ჩვენ ვთქვით ისიც რომ, ამ საკითხში სიჩქარე არ ვარგა. ჯერ ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება უნდა მოვახერხოთ. იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოეს ხანებში საკონსტიტუციო საკითხებზე მუშაობას დავიწყებთ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემდგომ ამ თემებზეც იქნება საუბარი. ასე რომ, ეს დიდი საკითხია და მსჯელობა სჭირდება", _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, "დაბალანსებული სისტემები ყველა მიმართულებით უნდა დაინერგოს".