პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია "თითიდან გამოწოვილია". "როგორც ერთი წელი გვეკითხებოდნენ - "ნატოში მართლა გინდათ შესვლა?!" და დილა-საღამოს უნდა გვეთქვა: "კი, გვინდა ნატო! კი, გვინდა ნატო!", ახლა ალბათ 6 თვე უნდა გვაძახებინონ, რომ "არ შეიცვლება კანდიდატურა! არ შეიცვლება კანდიდატურა!". კარგით რა, სერიოზული ხალხი ვართ სერიოზულ საქმეში, სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, დასახელდა კანდიდატი და რას ნიშნავს ახლა, ვთამაშობთ?! ვერთობით?! მოდით, ჯერ ეს, მერე ის, რა გვჭირს საიმისო, რომ თუ ვინმე სხვა გვინდა, დღესვე გვეთქვა, გვრცხვენია ამისი?! გვეშინია?! თუ რა?! იმდენად იაფფასიანი კითხვაა დასმული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ მეტყველებს მათ უსუსურობაზე არგუმენტების თვალსაზრისით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის თქმით, სერიოზულ კომენტარს ვერც იმ ფაქტზე გააკეთებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წუხს და ცრემლებს ღვრის იმაზე, თუ რატომ უფრო ძლიერი კანდიდატი არ დაასახელა "ქართულმა ოცნებამ".
"ნეტავ სჯერა ვინმეს, რომ პოლიტიკური ოპონენტი სერიოზულად სწუხდეს იმაზე, რომ მისმა პოლტიკურმა კონკურენტმა რატომ უფრო ძლიერი კანდიდატი არ დაასახელაო! გიორგი მარგველაშვილი არის ერთ-ერთი შესაძლო საუკეთესო ვარიანტი ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატურისა. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი იქნება თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტი. ჩვენ ამ უფლებამოსილების, ამ როლისა და ფუნქციის პრეზიდენტი ჯერ არ გვყოლია. ამიტომ სწორედ, თუ რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მომავალ პრეზიდენტს ამ გადმოსახედიდან გამომდინარე, მარგველაშვილზე უკეთესი კანდიდატის დასახელება ამ ეტაპზე მე არ შემიძლია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.