კაფე "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტამდე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დისკომფორტი კაფის სხვა სტუმრებსაც შეუქმნეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მამუკა ბაკურიამ განაცხადა.
მისი თქმით, კაფეში მის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ახალგაზრდებმა, რომლებიც იქ მეუღლეებთან ერთად იყვნენ, კაფე მხოლოდ იმის გამო დატოვეს, რომ მათ "ნაციონალებმა" "დისკომფორტი შეუქმნეს". ბაკურიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, ეს ადამიანები ჩავიდნენ პოლიციაში და მისცეს ჩვენება, თუ როგორ იქცეოდნენ "ნაციონალები" კაფეში მათ მისვლამდე.
მამუკა ბაკურია იხსენებს, რომ როდესაც ისინი მივიდნენ კაფეში, იქ მათ დახვდათ მიხეილ სააკაშვილი, თინათინ ბოკუჩავა და "ნაციონალების" სხვა ცნობილი სახეები. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს, არანაირი პრობლემა არ ჰქონია, რომ "ნაციონალები" იმ კაფეში ყოფილიყვნენ. ბაკურიას განცხადებით, ინციდენტის მთავარი მოქმედი პირი ნიკოლოზ მელია იყო.
ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილის, მანანა გიორგობიანის თქმით კი, ინციდენტის დაწყებამდე მელიასა და მისი თანმხლები პირის საქციელი იმაზე მეტყველებდა, რომ მათ სურდათ მანდილოსნების თვალში მამაკაცები დაემცირებინათ. "მელიას შეყვირებას მოჰყვა ის, რომ მისი მაგიდიდან რამდენიმე კაცი წამოდგა და პირდაპირ ხროვა შემოგვესია. პირველი ბექას დაარტყეს, მე მელიას თანმხლებმა პირმა კისერში მომიჭირა და მუშტი დამარტყა. ამის შემდეგ დავეცი. შემდეგ კი ისევ წამოვდექი, თუმცა, იმ წუთშივე ჩამარტყა იმ ადამიანმა. გარდა ამისა, ხათუნას პირდაპირ თავში ჩაარტყეს. მე შემიძლია ამოვიცნო ის პიროვნება, ვინც მე დამარტყა და აუცილებლად ვაპირებ რომ ვუჩივლო", - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, უხერხულია "ნაციონალების" განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ პოლიტპატიმრები, ასევე, უხერხულია გიგა ბოკერიას განცხადება, რომელსაც ის 6 წლიდან იცნობს და იცის, რომ იგი არც პოლიტპატიმარი ყოფილა და არც ნასამართლევი.
რაც შეეხება თიკო სადუნიშვილის განცხადებას, რომ მათ ჩაიდანი ისროლეს, მანანა გიორგობიანი ამბობს: "კონფლიქტი ჩვენს სუფრასთან დაიწყო. ჩაიდნები მათ ელაგათ სუფრაზე და მათი სუფრიდან რა ჯამ-ჭურჭელი დაიმტვრა და რეებს ისროდნენ ჩემი მისამართით, უნდა გენახათ. ჩემი შენ გითხარის" პრინციპია", - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, პატრულის მისვლის დროს "ნაციონალები" ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ. "პატრული რომ არ მოსულიყო, გირგვლიანი-3 იქნებოდა ნამდვილად", - განაცხადა გიორგობიანმა.
მამუკა ბაკურიას თქმით, მან ექსპერტიზა ჩაიტარა სამხარაულის ბიუროში, ასევე, იქ სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა საყვარელიძემ, სადაც მთავარი ექიმი არის დედამისი. "დედამისს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ სჯობდა, ყალბი სამედიცინო დასკვნების დაწერას, მისი შვილისთვის ზრდილობა ესწავლებინა", - დასძინა ბაკურიამ.