შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკავება ორდინალური მოვლენა არ არის, ეს პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვის ფაქტია, - ამის შესახებ თემის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გელა ხვედელიძის დაკავება შინაგან საქმეთა მინისტრის სერიოზული და კომპლექსური გადაწყვეტილება იყო.
"გელა ხვედელიძე პირადად დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი. მან უზარმაზარი შრომა ჩადო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას და იყო ერთ-ერთი საყრდენი პირი ჩვენს საარჩევნო შტაბში. ვიცი, რომ ძალიან ენერგიულად მუშაობდა ბევრი მიმართულებით. ამ წუთამდე გაოგნებული ვარ, რატომ და როგორ მოუვიდა შეცდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ადამიანურად, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ, მაგრამ სახელმწიფო ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, კანონის უზენაესობა და ის, რომ მსგავსი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩეს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს რეალურად ასე მოხდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ეს კადრები ვინმემ ბოროტად გამოიყენა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ დაუსჯელი არც ისინი უნდა დარჩნენ, ვინც ამ მასალას "როგორც ჩანს, არანაკლებ ბოროტად იყენებდა, მაგრამ სხვა გზებით და საშუალებებით".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ აღნიშნული შემთვევა დადებით შედეგს გამოიღებს.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თანამდებობის პირებისადმი მსგავსი ზომების გატარება შესაძლებელია, რაც ათწლეულების მანძილზე წარმოუდგენელი იყო.
"ამგვარი ზომების მიღება არა თუ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ვერ გაუძლებს სხვადასხვა ტიპის ცდუნებას და ხელი წაუცდება დანაშაულის ჩადენაზე - რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს. თვეების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ვწუხვარ ამ ფაქტზე, მაგრამ ყველა ვართ ინდივიდუალურები და ჩვენს მოქმედებებზე პირადად უნდა ვაგოთ პასუხი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, თუმცა მისი გავრცელება მოხდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.
გელა ხვედელიძე გუშინ დააკავეს. იგი "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.