რესტორან "ლა ტრუფეში" 12 მაისს ღამით მომხდარი ინციდენტის დეტალებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ნიკა მელია იხსენებს. როგორც მელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , შელაპარაკების პროვოცირებაში მისი დადანაშაულება უსაფუძვლოა, რადგან რესტორანში ინციდენტამდე ხუთი წუთით ადრე მივიდა.
"იმ მაგიდასთან ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი ისხდა. ხუთი წუთის მისული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და მათ მეუღლეებთან ერთად და ცალკე მაგიდასთან ვისხედით. ყველა მაგიდა იყო დაკავებული და სხვადასხვა მაგიდასთან ჩემი ბევრი ნაცნობი თუ ახლობელი იჯდა. ის მაგიდა კი, სადაც გიორგობიანი და ბაკურია ისხდნენ, არც კი შემიმჩნევია", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი ინფორმაცით, დავით საყვარელიძესა და გიორგი ვაშაძესთან პირისპირ სასაუბროდ რესტორნის მეორე სართულზე ადიოდა, რა დროსაც აღნიშნული მაგიდის წევრებიდან ერთ-ერთმა ხელით გააჩერა და არაადეკვატური კითხვები დაუსვა.
"მკითხა, რომელი რაიონის გამგებელი ვიყავი და ა.შ. ისინი იყვნენ პათოლოგიურად ნასვამ მდგომარეობაში და პროვოკაციულ კითხვებს სვამდნენ. თუმცა, მე თავაზიანად, მხარზე ხელის დადებით დავემშვიდობე და გასვლას ვაპირებდი, რის შემდეგაც მითხრა, "რა უფლებით მადებ ხელს". ის, რომ მათ მაგიდასთან სისტემატურად მივდიოდი, აბსურდია, რადგან ხუთი წუთის მისული ვიყავი და საერთოდაც რა მინდოდა მაგიდასთან, სადაც არავის ვიცნობდი", - აღნიშნა მელიამ.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე აგრესიულად იქცეოდა ქალი დანა-ჩანგლით ხელში, რომელიც ერთ-ერთი სუფრის წევრ ქალს დაუპირისპირდა და ჩხუბი "იატაკზე გაგრძელდა".
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქალბატონი "ვიღაცას ეძებდა", რადგან "პათოლოგიურ სიმთვრალეში" იყო გადასული.
"რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემი დადანაშაულება ინციდენტის წამოწყებაში და მათ მაგიდასთან სისტემატურად მისვლაში, უსაფუძვლოა. ჩვენს მაგიდასთან ვისხედით ხუთნი – ჩემი მეგობრები და მათი მეუღლეები. არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჩხუბი ვინმეს წამოეწყო. მათი ზედმეტი გადათრობა რომ არა, დარწმუნებული ვარ, არაფერი მოხდებოდა. პირიქით, ჩვენ ვცდილობდით ამ სიტუაციის ჩაცხრობას და ხალხის დაშოშმინებას. ამ ქალბატონისთვის ხელი არავის დაურტყამს. რაც შეეხება ბაკურიას, სიტყვიერი აგრესიის მიუხედავად არც მისთვის დაურტყამს ვინმეს. პარალელურ რეჟიმში ისმოდა მისი მოწოდებები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელი არ დაერტყათ. დღეს ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როდესაც მე მადანაშაულებს ქალბატონი, რომელიც არც კი შემიმჩნევია. მისთვის ყურადღება არც მაშინ მიმიქცევია, როდესაც ამ სუფრის წევრ მამაკაცს ვესაუბრებოდი", - განაცხადე ნიკა მელიამ.
მისივე ინფორმაციით, დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ, თუმცა ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც ერთ-ერთ იქ მყოფ პირს, დაკითხავენ.
"სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მე მივედი ჩემ მეგობრებთან ერთად, ვიყავით ხუთნი და ცალკე მაგიდასთან ვისხედით. თავისუფალი ადგილი იმ კაფეში თითქმის არ იყო", - განაცხადა ნიკა მელიამ და განმარტა, რომ რესტორანში პრეზიდენტი თავად არ უნახავს, თუმცა როდესაც მივიდა, შეიტყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ საღამოს "ლა ტრუფეში" იმყოფებოდა.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.