საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, მას ძალიან გაუკვირდა როდესაც "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად ყველა გამოკითხვით ყველაზე ნაკლებად რეიტინგული და პოპულარული მინისტრი დაასახელა, მითუმეტეს, აგრარული უნივერსიტეტის სკანდალის შემდეგ.
მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ნინო ბურჯანაძესთან, პუტინის დეკლარირებულ მოკავშირესთან.
"მე თუ არ ვცდები, ის დღესაც წარმოადგენს ნინო ბურჯანაძის ფონდის ერთ-ერთ თანამდებობის პირს", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
უმცირესობის წევრის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს გამოთქმული აქვს უცნაური მოსაზრებები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, მარგველაშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2008 წელს საქართველო შეეცადა რუსეთისთვის ტერიტორიების წართმევას და თითქოს ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდება.
"აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, როცა საუბარია ქვეყნის პირველ პირზე და უმაღლეს მთავარსარდალზე, რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური კითხვები", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.