"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაცია ხულოს გამგებელს გურამ ხოზრევანიძეს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც რაულ თავართქილაძემ პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გამგებელს გადაწყვეტილი აქვს ხულოს გამგეობაში მისი ახლობლები დაასაქმოს. თავართქილაძის თქმით, გურამ ხოზრევანიძე გამგეობის თანამშრომლებს, მოადგილეებს, განყოფილების უფროსებს და თემის რწმუნებულებს ეუბნება, რომ თუ არ დატოვებენ თანამდებობებს, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მათი წარსული საქმიანობით დაინტერესდება.
"გამგეობის განყოფილებების შვიდმა უფროსმა დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, ასევე, დაწერეს გამგებლის მოადგილეებმა და აღნიშნულთან დაკავშირებით თათბირი ჩაუტარდათ რწმუნებულებს, რათა დროულად დატოვონ სამსახურები. ზეწოლა შემდეგში მდგომარეობს: თუ ისინი არ დატოვებენ თანამდებობებს, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია შეისწავლის მათი საქმიანობის განვლილ პერიოდს", - აღნიშნა რაულ თავართქილაძემ.
იგი სამთავრობო უწყებებს საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
ამასთან, როგორც ხულოს გამგებელმა გურამ ხოზრევანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რადგან 10-მა თანამშრომელმა განცხადება საკუთარი ნებით დაწერა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს გაწერილი გეგმა აქვს, რის მიხედვითაც, ახორციელებს სამსახურების შემოწმებას.
"რაულ თავართქილაძე და მისი ხელისუფლება 9 წლის მანძლზე აჩანაგებდნენ ქვეყანას. რაც გააკეთეს მადლობა, მაგრამ რაც დაანგრიეს იმისთვის პასუხი მოეთხოვებათ. ზეწოლა არავისზე არ განხორციელებულა. განცხადება საკუთარი ნებით 10-მა თანამშრომელმა დაწერა. არავითარ შემთხევაში არ დავმუქრებივარ არავის. სრული უფლება მაქვს ნებისმიერ სამსახურში შევუშვა აუდიტი და ფინანსები გადავამოწმო. გეგმის მიხედვით როგორცაა გაწერილი, თუ სად უნდა შევიდეს აუდიტი, იმის მიხედვით ვხელმძღვანელობთ", - აღნიშნა გურამ ხოზრევანიძემ.
გურამ ხოზრევანიძე ხულოს გამგებლად 16 აპრილს დაინიშნა.