საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, IFC საქართველოში, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს ახორციელებს.
"შეხვედრაზე განიხილეს უკვე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები", - აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, IFC-მ საქართველოში უკვე განახორციელა 607 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია 49 პროექტში, საფინანსო, საწარმოო და ინფრასტრუქტურის სექტორებში და 34 მლნ. აშშ დოლარის მობილიზება მოახდინა სხვა ინვესტორებისგან.
"გარდა ამისა, IFC ქვეყანაში რეგიონული პროექტების განვითარებასაც უწყობს ხელს", - აღნიშნავენ პრემიერის ადმინისტრაციაში.