საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი წუხს, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, პოლიტიკური სიმწიფე, რომ პარლამენტის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაეგმოთ.
როგორც "პირველი რადიონს" პრესკლუბში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, როცა არ ხდება ძალადობის ერთმნიშვნელოვანი დაგმობა, ეს წარმოადგენს მომავალში ასეთი ქმედების წახალისებას.
"ვწუხვარ, რომ არ აღმოაჩნდათ საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური სიმწიფე უმრავლესობის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ივანიშვილს, რომ ერთმნიშვნელოვნად დაეგმოთ პარლამენტის წევრებზე ფიზიკური ძალადობა", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, თავად ეს ფაქტი, ფიზიკური ძალადობა არის ლოგიკური შედეგი იმისა, რომ წინა შემთხვევებშიც არასათანადო და ხშირ შემთხვევაში ძალიან სუსტი და არასწორი რეაგირება მოხდა ხელისუფლების მხრიდან.
კანდელაკმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინდელ ბრიფინგზე დეპუტატებზე თავდასხმის ფაქტს საერთოდ არ გამოეხმაურა.