პროკურატურის უფლებამოსილებების იუსტიციის სამინისტროსგან გამიჯვნის საკითხზე პარლამენტში კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შედის. "ინტერპრესნიუსს" ინფორმაციით, კანონპროექტი მზად არის და მისი ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.
მმართველ გუნდს პირველი მომსმენით მიღებული აქვს დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი. დავითაშვილის ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა. ცვლილება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში პროკურატურის დამოუკიდებლობის ზრდას ითვალისწინებს და ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში პირველი პროკურორი იქნება არა იუსტიციის მინისტრი, არამედ - მთავარი პროკურორი.
ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ კანონპროექტზე კობა დავითაშვილი ინფორმირებულია. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" განმარტა, მის მიერ მომზადებული ვარიანტით, იუსტიციის მინისტრს პროკურატურის მოწყობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება რჩება და მას იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორისგან დამოუკიდებლად ვერ გამოსცემს. დავითაშვილის ცნობით, "უცებ პროკურატურაში გაჩნდა იდეა, რომ ეს უფლებებიც პროკურატურას უნდა ჰქონდეს".
"ამიტომ მათ დასვე უფლებამოსილებების კიდევ უფრო მეტად გაფართოების საკითხი. მე მათ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რადგან ვთვლი, რომ როდესაც კონსტიტუცია ამბობს, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილია და იუსტიციის მინისტრი საერთო ხელმძვანელობას ახორციელებს, მას რაღაც უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს. ნორმატიული აქტების გამოცემა, არც ისე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია და ამ საკითხის მთავარი პროკურორის გამგებლობაში გადაცემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავითაშვილმა.
დავითაშვილი პარლამენტისგან მის მიერ მომზადებული კანონპროექტისთვის ბოლომდე მხარდაჭერას ელოდება და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივის შემდგომი განხილვის საკითხის დასმას აპირებს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "პროკურატურის შესახებ" ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია "ქართული ოცნებაა".