ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პირი პასუხისმგებელია თავის გადაცდომაზე ან დანაშაულზე ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს.
როგორც ვიცე პრემიერი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, კანონი ყველასთვის ერთია.
"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროში - პირველ რიგში ადამიანური, მეგობრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ რთულ საქმეში, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის ცნობიერების შეცვლა და კანონმორჩილება ჰქვია. კანონი ყველასთვის ერთია. ჩვენ არ ვართ ის მთავრობა, რომელიც განაგრძობს ამ ქვეყანაში დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას და კანონს თავის თავზე მოირგებს ან დააიგნორებს. ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პირი პასუხისმგებელია თავის გადაცდომაზე ან დანაშაულზე ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე. ასევე მინდა პიროვნული თანაგრძნობა გამოვხატო ბატონი გელა ხვედელიძის მისამართით... სამწუხაროა ის პროცესები, რისი მონაწილეც ის გახდა", - აღნიშნავს კახა კალაძე.
შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, თუმცა მისი გავრცელება მოხდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.
გელა ხვედელიძე გუშინ დააკავეს. იგი "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა. გელა ხვედელიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.