ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეიზდენტი ნესტან კირთაძე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
ამის შესახებ ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარი აღმოჩნდა კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილ მაღალ პოლიტიკურ პოსტად, თუნდაც ოქტომრბის შემდეგ ახალი კონსტიტუციური რეალობის გათვალისწინებით.
"უმნიშვნელო არ იყო ქართული საზოგადოებისთვის დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა ვის დაასახელებდა პრეზიდენტობის კანდიდატად. სამწუხაროდ, დასახელებული იქნა გიროგი მარგველაშვილი, რომლის პოლიტიკური ბეგრაუნდი გახლავთ ის, რომ არის ფილოსოფოსი და აქვს ირონიული იუმორი", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
მისივე თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ დასახელდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის პირველი სიგნალი საქართველოს მთავარი გამოწვევის – ტერიტორიულად დაშლილი საქართველოს სწორი აღქმა იქნებოდა. ნესტან კირთაძის შეფასებით, მისთვის საპრეზიდენტო კამპანია არის შანსი პირდაპირი დიალოგი გამართოს ნათესავ აფხაზ და ოს ხალხებთან, ასევე აწარმოოს დიალოგი მთავრობასთან ქვეყნის სამშვიდობო პროცესთან და მის სახელმწიფოებრივ და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
კირთაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" შანსი იქნება, რომ პარტიამ გამოკვეთოს სწორედ ის კანდიდატი, რომელიც დღევანდელი პოლიტიკური სისტემის სწორად გააზრებაში დაეხმარება.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი განწირულია ითანამშრომლოს მოქმედ მთავრობასთან და ასევე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობის ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ისეთია, ჯოხიც რომ დააყენოს ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ემოციური და პოლიტიკური რეიტინგი მის მხარდასაჭერად იქნება. რაც შეეხება მარგველაშვილს, გიორგი მარგველაშვილმა უნდა ჭამოს 100 ფუთი მარილი პოლიტიკაში, რომ მან არა თუ რომელიმე კანდიდატს, რიგით პროფესიონალ პოლიტიკოსს გაუწიოს კონკურენცია", - განმარტა ნესტან კირთაძემ.