გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი თქმით, ამ ჩანაწერში აღწერილია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საუბარი , ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილისა და სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის შესახებ.
კილაძეს არ დაუკონკრტებია, თუ სად გაიმართა აღნიშნული შეხვედრა და ვინ მიაწოდა მას ფარული აუდიოჩანაწერი. მისი განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ ”სახალხო კრების” წევრ ლაშა ამირეჯიბს მეგობრულად ურჩია, რომ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილთან შეეწყვიტა ურთიერთობა. კილაძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე გელა ხვედელიძემ ამირეჯიბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფარესიშვილის შესახებ არსებობს ვიდეოჩანაწერი და მანვე საკმაოდ ვულგარულად აუხსნა ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსი.
კილაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო კვერცხების ბიზნესს. მისივე თქმით, ხვედელიძემ ამირეჯიბს შეხვედრაზე განუცხადა, რომ საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს კვერცხები 6 ცენტნახევრად შემოაქვთ. კილაძის შეფასებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კვერცხების ბიზნესთან დაკავშირებით კარგად ინფორმირებულია. მისივე თქმით, საიტი kvercxebi.com, რომელზეც განთავსდა გიორგი ფარესიშვილთან დაკავშირებული ფარული ვიდეოჩანაწერი, საქართველოდან აშშ-ში გადარიცხული ფულით შეიქმნა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო კრების წევრმა ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა, შეხვედრის ინიციატორი იყო გელა ხვედელიძე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ სად გაიმართა ეს შეხვედრა. ამირეჯიბის განცხადებით, მათ ფარესიშვილისა და კვერცხების ბიზნესის გარდა ასევე ისუაბრეს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის შესახებ. ამირეჯიბის ინფორმაციით, გელა ხვედელიძემ მას განუცხადა, რომ თავად იძიებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს, სადაც სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში არასწორი ქმედებები იკვეთებოდა.
ამასთან, ელისო კილაძის განცხადებით, გაზეთ "ქრონიკა პლუსში" გამოქვეყნდება ინტერვიუ კუდ-ის თანამშრომელთან, სადაც რესპოდენტი საუბრობს გელა ხვედელიძისა და შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩონისნის ვაჟა ლილუაშვილის კავშირების შესახებ. კილაძის თქმით, კუდის თანამშრომლის ინფორმაციით, გელა ხვედელიძე იყო "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი ოპოზიციასთან ურთიერთობაში და წყაროს ინფორმაციით, იგი 2007 წელს შს სამინისტროს მხრიდან ოპოზიციის ლიდერებს ფულს უხდიდა.
ელისო კილაძე შს მინისტრის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ხვედელიძის დაკავებასთან დაკავშირებით სამართლიანსა და უპრეცედენტოს უწოდებს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გამოიჩინა ადეკვატური რეაქცია და დასჯილია პირი, რომელმაც საქმეს ორგანიზება გაუწია, თუმცა, სავარაუდოდ მას ჰყავდა დამხმარეები.
ამასთან კილაძე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომ თანამდებობიდან გადააყენოს მისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. კილაძის შეფასებით, ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედველობით გამოძიება ობიექტურად ვერ წარიმართება.