საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "თუ მთავრობა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხს არ გადახედავს, მაშინ ის ადრე თუ გვიან თავად გაასახლებს იქიდან მერიას".
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი შენობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"მე საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება, ამ ულამაზეს შენობაში მერიის განთავსება და სტუდენტების გამოსახლება. რისი სიმბოლოა ეს, როგორ უნდა მოხდეს ამის გამართლება? მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის მერია ინატრებდა, რომ ასეთი უნივერსიტეტი ჰქონოდა, რადგან ეს მოიტანს განვითარებას, პრესტიჟს, ინვესტიციას. ამის ნაცვლად მერიამ გაასახლა უნივერსიტეტი და სახლდება თვითონ, თან მხოლოდ მერია კი არა შპს-ების განთავსება იგეგმება აქ. დასუფთავების შპს უნდა განთავსდეს ამ ლამაზ შენობაში, ალბათ თავისი ინვენტარით, თავისი ინსტრუმენტებით და მოწყობილობებით. ამას კანიბალიზმის გარდა სამწუხაროდ, ვერაფერს ვუწოდებ. მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. თუ ის არ გადახედავს, ადრე თუ გვიან მაინც გადავხედავთ და მერიას მაინც გავუშვებთ აქედან და დავაბრუნებთ უნივერსიტეტს, მაგრამ დავკარგავთ ძალიან ბევრ ფულს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს ახლა ჰაერივით სჭირდება.
"ახლა ჯიბრის და ჯინის და სააკაშვილის საწინააღმდეგო რაღაცის კეთების დრო არ არის. დაივიწყეთ, რომ მე ვარსებობ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა. გაიხსენეთ, რომ ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღე, ამიტომ ეს უნივერსიტეტი დღეს უნდა გადარჩეს. პრაქტიკულად ყველაფერი რაც მოვაწყვეთ, ლაბორატორიები, ტექნიკა, ავეჯი, ყველაფერი ჩამოუგლეჯიათ, ჩამოუფხრეწიათ და სადღაც წაუღიათ. პირდაპირ შეცვივდნენ, როგორც დამპყრობლები, წაიღეს ყველაფერი რაც უკვე მოწყობილი და გამზადებული იყო. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ამას 21-ე საუკუნეში ვინმე აკეთებდეს, მით უმეტეს თუ თავისი ქვეყანა უყვარს", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.