сommersant.ge რიყეზე თეატრი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერია ჯერ კიდევ გასულ წელს თეატრის აპრილში გახსნას პროგნოზირებდა. როგორც сommersant.ge–ს თბილისის მერიაში განუცხადეს, გარე ფასადის სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რა დაჯდა თეატრის მშენებლობა და რამდენ ადამიანზე იქნება იგი გათვლილი, უცნობია.
შეგახსენებთ: რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობას საფუძველი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ჩაუყარეს. შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორ მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, რომელიც პირადად იმყოფებოდა თბილისში, რათა პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო.
რაც შეეხება პროექტის არქიტექტურულ მხარეს, არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის დავით აბულაძის განცხადებით, თეატრი რიყის განაშენიანების გეგმიდან სრულად ამოვარდნილი არ არის, ვინაიდან რიყეზე ძველი და ახალი არქიტექტურაა წარმოდგენილი და მუსიკისა და დრამის თეატრი ახალი არქიტექტურული შენობა–ნაგებობაა, რომელიც თანხვედრაშია სხვა თანამედროვე ნაგებობებთან.