"ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ აუდიო-მასალა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, დაკავებული შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძის პრივატული საუბარია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერი ელისო კილაძემ "რუსთავი 2"-ს გადასცა. ჩანაწერი დაბალი ხარისხისაა და სრულად კარგად არ ისმინება.
თუმცა, ჩანაწერში გარკვევით ისმის ის მონაკვეთი, სადაც ერთ-ერთი პირი საუბრობს, რომ კადრები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის გადაღებული და ამ კადრებზე ფარესიშვილის მონაწილეობით ჰომოსექსუალური სიტუაციაა ასახული.
ელისო კილაძის ინფორმაციით, პრივატულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გელა ხვედელიძე, გიორგი ფარესიშვილის მეგობარი ლაშა ამირეჯიბი და "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი. მისივე ცნობით, ეს შეხვედრა გიორგი ფარესიშვილის შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-მასალამდე დაახლოებით 10 დღით ადრე შედგა. "შეხვედრაზე გელა ხვედელიძე ლაშა ამირეჯიბს ეუბნება, რომ არსებობს ფარესიშვილზე ვიდეოჩანაწერი და მას აფრთხილებს, რომ მასთან მეგობრობას თავი აარიდოს", - აცხადებს კილაძე.