"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გიორგი ფარესიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის დაკავებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ გელა ხვედელიძეს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა "მიჰყვეს". როგორც ფარესიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებს, ამ შემთხვევაში მოხდება სამართლიანობის ზეიმი. "გელა ხვედელიძის დაკავება ესაა სამართლიანობის გამარჯვების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. მოვითხოვ ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს. ეს იქნება სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი", - აცხადებს ფარესიშვილი.
მისივე თქმით, უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ მასალებს, რომელიც მას გია ხუხაშვილის, გელა ხვედელიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გააჩნია, გამოძიებას გადასცემს.
"ის კამპანია, რასაც მე ვაწარმოებდი გელა ხვედელიძის წინააღმდეგ, იყო სუფთა უფლებადაცვითი კამპანია. თუ იგი იყო მართალი, შეეძლო ჩემთვის ეჩივლა და სასამართლოს გზით დაემტკიცებინა ის, რომ მე ცილს ვწამებდი, თუმცა, ამის ნაცვლად მან გამოიყენა ბინძური ხერხები. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, მასალებს, რომელიც მაქვს ხუხაშვილის, ხვედელიძისა და ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, გამოძიებას გადავცემ", - აღნიშნა ფარესიშვილმა.
შსს-ის ინფორმაციით, გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ინტერნეტში მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხვედელიძემ ატვირთა. აღნიშნულის გამო ხვედელიძე დაკავებულია. ის ბრალს აღიარებს.