წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი დაუყოვნებლივ განადგურდება, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ არქივის არსებობის სამარცხვინო ფაქტი იყო ის, რაც მისმა უკვე ყოფილმა მოადგილემ რამდენიმე დღის წინ ჩაიდინა.
გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს საქმე გახსნილია. მინისტრის განმარტებით, დადგინდა, რომ აღნიშნული მასალა გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და მიზანი იყო ფარესიშვილის დაშანტაჟება, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მათ სამსახურში ჩაყენება იძულებითი გზით.
"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არ არის მათი ასლები. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზურნველყოფა მინდობილი ჰქონდა სხვებთან ერთად ჩემს ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით, შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამბელური კამპანია", - განაცხადა მინისტრმა.