"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წუხელ რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტს პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებად აფასებს. პარტიის ლიდერთა განცხადებით, მომხდარი იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელებაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და მისმა თანაგუნდელმა გოკა გაბაშვილმა გააკეთეს.
ბაქრაძემ დღეს რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გაიხსენა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე თვის წინ ქუთაისში, პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე, 8 თებერვლის დაპირისპირებაზე და ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე. უმცირესობის წევრთა შეფასებით, მთელი ეს კამპანია წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან.
"აგრესიული კამპანია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობს, წახალისებულია ხელისუფლების უმოქმედობით. წინა ინციდენტებში დაკავებული ადამიანები მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ეს იყო წახალისება ძალადობის და მათთვის სიგნალის მიცემა, რომ ხელისუფლება იწონებს და აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს. დღეს სასწორზე დგას ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ: - გვექნება ქვეყანა, სადაც განსხვავებული პოზიციების გამო ადამიანები არ იდევნებიან, თუ დავბრუნდებით 90-იან წლებში, როდესაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები სხვადასხვა ტიპის საძმოების მხრიდან დევნისა და თავდასხმების ობიექტები იყვნენ", – განაცხადა პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძე შს მინისტრს და მასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, გუშინდელი ინციდენტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და სათანადოდ მოხდეს ყველა დამნაშავის დასჯა.
ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს ხედავს დეპუტატი გოკა გაბაშვილი. როგორც გაბაშვილი აცხადებს, ხელისუფლების აქტივისტები უკვე თვლიან, რომ მათ შეუძლიათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობრივ ფორმებს მიმართონ.
"ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას უკვე გამოვლილი აქვს. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები არც თავად ქვეყანას მოუტანს რამე კარგს და არც - თავად მათ", – აღნიშნა გაბაშვილმა, რომელიც ბაქრაძის მსგავსად ფიქრობს, რომ დაპირისპირებები, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ ხორციელდება, ხელისუფელების წარმომადგენელთა მხრიდან არის ორგანიზებული და წახალისებული.
"ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა ხულიგნურ თავდასხმას. მათი თქმით, ფაქტს ჰყავს ძალიან ბევრი თვითმხილველი, რომელთაც შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდონ.