ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებს . როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სააკაშვილის განცხადება, თითქოს საქართველოში ხელისუფლება უარს ამბობს აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობაზე და იმაზე, რომ ამ ქვეყნიდან იქნას შემოტანილი ბუნებრივი აირი, სრული სიცრუეა.
"ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება არის სრული სიცრუე. მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ბანკროტად ქცეული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, აკეთებენ განცხადებებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილისგან განცხადება, თითქოს ჩვენ უარი ვთქვით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობაზე და უარი ვთქვით შემოვიტანოთ გაზი აზერბაიჯანიდან, რაც სრული სიცრუეა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ეს ადამიანები აგრძელებენ დემაგოგიას და სურთ სიცრუეში ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა, თუმცა, ამჯერად ეს არ გამოუვათ. რაც შეეხება ენერგოდამოუკიდებლობას, კალაძის განცხადებით, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ერთი შემომტანი. მაგალითად ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ გაჩნდეს 2, 3, 4 შემომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დივერსიფიცირებული წყაროები. ბაზარზე მეტი კონკურენტი იქნება და საინტერესო იქნება ფასების კუთხითაც", - აღნიშნა კახი კალაძემ.
მინისტრის თქმით, თუკი საქართველოს ზამთრის პერიოდში შემოაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან, რატომ არ შეეძლება გაზი შემოიტანოს იგივე რუსეთიდან?!. მისივე განცხადებით, როდესაც კონკრეტულად იქნება ამ თემაზე საუბარი, თუკი იქნება ქვეყნისთვის მისასალმებელი და სასიკეთო, გაკეთდღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – არა.
ამასთან, კახი კალაძის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები ამ კუთხით არ მიმდინარეობს. მისი თქმით, მისი მხრიდან იყო ზოგადი საუბარი, რომ სამომავლოდ მოხდეს დივერსიფიცირება.