საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა , მან დაუშვა შეცდომა, როდესაც დავითაშვილზე თქვა, რომ ეშინია მთავრობაში მუშაობა, თუმცა, მისივე განმარტებით, "დავითაშვილს ახალი განცხადება რომ არ გაეკეთებინა, უფრო მეტს იტყოდა მის სასარგებლოდ".
ივანიშვილის განცხადებით, 2004 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, პრეზიდენტის უფლებების გაზრდის შესახებ, კობა დავითაშვილმა გააკრიტიკა და უარი თქვა წინა ხელისუფლებაში მუშაობაზე.
"რა თქმა უნდა, მე დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა და უარი თქვა წინა ხელისუფლებაშიც თავდაცვის მინისტრობაზე. მას აქვს ნამდვილი გმირული ნაბიჯები გაკეთებული. მე გავარკვიე ეს და კობა შემიძლია შევაქო. 2004 წელს, როცა პარლამენტმა მიიღო ის უსახური კანონი, პრეზიდენტს როდესაც განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, კობა დავითაშვილმა ყველაზე მეტად ამოიღო ხმა ამის წინააღმდეგ და ამიტომაც თქვა უარი წინა ხელისუფლებაში მუშაობაზე. ამიტომ, იმ შემთხევაში, როდესაც მე ვთქვი, გადავაჭარბე. ბოდიშის მოხდაც მინდოდა, მაგრამ დღეს აღარ მოვიხდი, რამეთუ, მან კიდევ ახალი მკვეთრი განცხადება გააკეთა, ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ. იმ შემთხვევაში, მე არ ვიყავი მართალი, კობა გმირულად მოიქცა და არა - შეეშინდა მთავრობაში მუშაობა", - აღნიშნა ბიძნა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, კობა დავითაშვილი პრინციპული პოლიტიკოსია და ის შეძლებს მინისტრობასაც და რეგიონის ხელმძღვანელობასაც. "მე ვენდობი კობას, ის არის პრინციპული. მას მინისტრობაც შეუძლია და რეგიონის ხელმძღვანელობაც. კობამ შეიძლება სიმკვეთრეების დაბალანსებაც შეძლოს მომავალში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.