პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, - ამის შესახებ სტუდენტების გუშინდელი აქციის დაშლის კომენტირებისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სტუდენტების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია არაორგანიზებულ და ქაოტურ აქციაში გადაიზარდა.
მინისტრის განმარტებით, საქარტველოს მთავრობა სტუდენტების აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მიესალმება, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონის დაცვის ვალდებულება აკისრია.
"პოლიცია მოქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქციის მონაწილე რამდენიმე პირი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ჩვენ გვაქვს კადრები, რომ შემხვედრ მძღოლს სრულიად უმიზეზოდ ავტომანქანა დაუზიანეს. რამდენიმე პირის დესტრუქციული ქმედება კი მოგვიანებით მთელ მასას გადაედო. ყველას უნდა ახსოვდეს თავისი ვალდებულება, დაიცვას კანონით. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რამდენიმე დესტრუქციული ენერგიის შემტანმა პირმა უსიამოვნო შედეგი მოიტანა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შს მინისტრის თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ამგვარი რამე ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.
"ჩვენ ვართ ხელისუფლება, ეს არის სახელმწიფო. შესაბამისად სწორი გზა უნდა ავირჩიოთ. მივმართავ საზოგადოებას, თუ გინდათ ქაოსი, მხარი უნდა დაუჭიროთ გუშინდელ არასასიამოვნო ფორმებს. ხოლო თუ გინდათ დაწყნარებული, დამშვიდებული სახელმწიფო, უნდა იყოთ ობიექტური და სიმართლის მხარეს. პოლიციამ საკმარისზე მეტი მოითმინა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ინციდენტში ორი ჟურნალისტი მოხვდა.
"გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რომ ინციდენტის მონაწილეები აღმოჩნდნე ჟურნალისტები, თუმცა პოლიცია ადგილზე ვერ გაარკვევდა, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა. მიკროფონი შეიძლება სტუდენტებმაც დაიჭირონ. რამდენიმე სტუდენტი გზის გადაკეტვას ცდილობდა და სასაცილოა ცალკეული განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. პოლიციის ქმედება იყო სრულებით ადექვატური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი არასასიამოვნო ფაქტები აღარ განმეორდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაკავებული პირი გუშინვე გათავისუფლდა.