არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2013 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში პრესის მდგომარეობას ასახავს.
რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 15 პუნქტით გაუმჯობესდა და 111-ე ადგილიდან 96 ადგილზე გადაინაცვლა. პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მედიის თვალსაზირისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა და მისი თავისუფლება 49 ქულით შეფასდა, შარშანდელთან შედარებით 3 ქულით გაუმჯობესებულია – 52.
"რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკურმა მრავალფეროვნებამ, მათ შორის "იმედის" წინა მფლობელებისთვის დაბრუნებამ გამოიწვია", - ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მოვლენების დაბალანსებულმა და ღიად გაშუქებამ ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას.
Freedom House პრესის თავისუფლების კვლევას 197 ქვეყანაში ატარებს. ორგანიზაცია პრესის თავისუფლებას სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით აფასებს. შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. ქვეყნები, რომლებიც 0-დან 30 ქულამდე მოაგროვებენ, თავისუფალ ქვეყნებად ითვლებიან, 31-დან 60-მდე – ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად, 61-დან 100-მდე კი – არა-თავისუფლად.
ყველაზე თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში პირველ ხუთეულში ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი და ნიდერლანდები არიან. საერთო ჯამში, თავისუფალ ქვეყნებს შორის მსოფლიოს 63 ქვეყანა მოხდა, ნაწილობრივ თავისუფლებში – 70, არა-თავისუფლებში კი 64 ქვეყანა დასახელდა.