გურჯაანში სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის წევრები დააკავეს

გურჯაანში სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის წევრები დააკავეს

გურჯაანში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის წევრები დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: იორამ ო., ბესიკ ბ., და გიორგი დ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი.

"ისინი, პირადი გამორჩენის მიზნით, თავის ახლობლებსა და ასევე სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს გაურიგდნენ და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა–დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სსკ–ის 332–ე მუხლის 1–ლი ნაწილით არის გათავლისწინებული და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებას შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.