სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, ის გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და მთავრობას უფლებამოსილების შეჩერება სწორედ ამიტომ სთხოვა.
კირვალიძის ინფორმაციით, პრემიერმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უწყდება.
"სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.
შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავა.