შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაში ჟურნალისტების მონაწილეობა არ დასტურდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ განაცხადა.
"ამ აქციაში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ადამიანი. რამოდენიმე ასეულ ადამიანზე და მონაწილეზეა საუბარი. ჩვენი ახლანდელი ინფორმაციით, ჟურნალისტების მონაწილეობა ამ აქციაში არ დასტურდება. აქციის მონაწილეებიდან დაკავებული იყო რამდენიმე ათეული პირი, რომელთა ვინაობაც ახლა დგინდება. ეს პიროვნებები გაშვებულები არიან ხელწერილით და ხვალ ყველა მათგანი წარდგენილი იქნება სასამართლოში და სასამართლო იმსჯელებს მათ მიმართ ადმინისტრაციული წესით რა ღონისძიებას გამოიტანს", - აღნიშნა გუშინ ცინარიძემ.
ამ დროისთვის ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია.