ახალგაზრდული აქციის მონაწილეეები საზოგადოებას დღეს მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური მანიპულირებისათვის გამოყნებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "დღეს სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა მშვიდობიანი მანიფესტაცია პირველი მაისის, მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ძალადობისა და იმ არაადამიანური, დამამცირებელი და დისკრიმინაციული ვითარების წინააღმდეგ, რომელიც ჩამოყალიბდა დასაქმების სფეროში წინა ხელისუფლების დროს.
მანიფესტაციის მსვლელობა იყო იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ ტროტურარზე ვერ მოთავსდა და მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. ამას მოყვა პოლიციის მხრიდან მცდელობა დემონსტრანტების ტროტუარზე დაბრუნებისა, რომელსაც დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა. სამწუხაროდ, ამას მოყვა არაადექვატური ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან და პოლიციელებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება, რის შედეგადაც ბევრი დემონსტრანტი დააკავეს, ბევრი კი დაშავდა.
ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით,რომ პოლიცია მზად არ აღმოჩნდა ამგვარი მანიფესტაციების დროს წესრიგის სრულფასოვანი დაცვისთვის. პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა უფლებების დაცვა და ხელი არ შეუწყო მანიფესტაციის მშვიდობიან ჩატარებას, არამედ უფლებამოსილების გაადმეტებით ჩაშალა მანიფესტაცია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს სათანადოდ შეისწავლონ მომხდარი და მიიღონ ზომები ამგვარი შემთხვევების მომავალში გამოსარიცხად.
მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ მომხდარის გამოყენებისგან პოლიტიკური მანიპულირებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ინციდენტი იყო წინა რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ძალადობრივი სისტემის ნარჩენი გამოხატულება", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აქციის 18 მონაწილე აწერს.