ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზი" ყაზახურ მხარეს დაუბრუნდეს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ სამინისტროში , ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით არსებობს კითხვები, როგორც ყაზახური, ასევე ქართული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების მზაობა არსებობს.
"სააღდგომო დღესასწაულების დასრულების შემდეგ გავემგზავრები ყაზახეთში და დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა კახი კალაძემ.
ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია "რუს ჰიდროს" წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. კალაძის თქმით, კომპანიასთან, რომელმაც ინჟინერინგის სფეროს მიმართ ინტერესი გამოთქვა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
"ჩვენ მათ გავაცანით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალი, თუმცა კონკრეტულ პროექტში ჩართვის შესახებ საუბარი ჯერ არ ყოფილა. დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ", - განაცხადა მინისტრმა.