ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმას მიესალმება. როგორც ჯანი ბუკიკიომ სტრასბურგში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა , სასამართლო რეფორმა იყო ძალიან კარგი ინიციატივა, რომლის მიზანიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდაა.
"მე საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ვარ. ჩემი ოცნებაა, ვიხილო რეალურად დემოკრატიული, ეკონომიკურად და სოციალურად განვითარებული საქართველო. სასამართლო რეფორმა იყო ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან მისი მიზანი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება. ვენეციის კომისია ამ რეფორმას მიესალმება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. პირველ შემთხვევაში საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. ხოლო მეორე შემთხვევაში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.