რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა თურქეთიდან საქართველოს გავლით ბოსტნეულისა და ხილის შეტანა დაიწყოს. ამ გზით რუსულ ბაზარზე წელიწადში სავარაუდოდ 160 ათასი ტონა თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქცია შევა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი წინადადებით „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ბიულენთ ეჯევითის შეხვედრის ფარგლებში თურქული მხარე გამოვიდა.
მოლაპარაკებების ძირითადი თემა იყო თურქეთიდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში გატანა საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით.
„ასეთი მიწოდების განხორციელება შესაძლებლობას მოგვცემს, მნიშვნელოვნად შევამციროთ დატვირთვა რუსეთის პორტ ნოვოროსიისკზე. ამით ასევე მოგვეცემა საშუალება, აფრიკიდან რუსეთში, ხმელეთის საშუალებით განვახორციელოთ პირდაპირი მიწოდება, რაც პროდუქციის მიწოდების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. თურქული მხარის წინადადებით, ზემო ლარსის საშუალებით ყოველწლიურად 160 ათასი ტონა ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიწოდება იგეგმება,“ - ნათქვამია რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობაში.
დანკვერტის განცხადებით, აღნიშნული წინადადება აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში რუსეთსა და თურქეთს შორის საქონელბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარია როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე.
საქართველოს გავლით თურქული პროდუქციის რუსეთში გატანასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ხელმოწერა დღესვე იგეგმება.