საიტმა Wikileaks-მა ჟულიან ასანჟის და „გუგლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ერიკ შმიდტის ფარული შეხვედრის სტენოგრამა გამოაქვეყნა. საუბარი 2011 წლის ივნისში შედგა და ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის ინიციატორი შმიდტი იყო, რომელსაც თავისი ახალი წიგნისათვის - „ახალი ციფრული ერა" ინფორმაციის შეკრება სურდა.
საუბარში მონაწილეობას იღებდა წიგნის თანაავტორი ჯარედ კოენიც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ყოფილი მრჩეველი და „გუგლის" ანალიტიკური ცენტრის დირექტორია.
საუბარის დროს ასანჟმა და შმიდტმა განიხილეს როგორც ტექნიკური საკითხები, ისე საკუთარი პოლიტიკური და ეთიკური შეხედულებები. შმიდტი გამოტყდა, რომ მიუხედავად ამერიკის ხელისუფლების პოზიციისა, ის „ვიკილიქსის" და მისი პოზიციის მიმართ დადებითად არის განწყობილი, თუმცა, ასანჟს მწვავე შეკითხვებიც დაუსვა. კერძოდ, შმიდტმა ჰკითხა ასანჟს, აცნობიერებს თუ არა იმას, რომ დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნებამ კერძო პირებს ბევრი ზიანი მიაყენა. ამის საპასუხოდ ასანჟმა „ვიკილიქსი" „იუთუბს" შეადარა, სადაც განთავსებულია დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა სასარგებლოც იყოს და ამასთანავე, შეიცავდეს სახიფათო მონაცემებს.
„შმიდტმა" „ვიკილიქსის" დამფუძნებელი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან მესამე სამყაროს დიატატორულ რეჟიმებზე ძალიან ცოტა ინფორმაცია გამოაქვეყნა, თუმცა, ამის არგუმენტად ასანჟმა ის მოიყვანა, რომ აზიის და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით და დოკუმენტაციაც ადგილობრივ ენებზეა, რაც გამოქვეყნებას ართულებს.
შმიდტის და კოენის წიგნი „The New Digital Age" 23 აპრილს გამოდის. ავტორები წიგნში პროგნოზებს აკეთებენ, თუ როგორი იქნება ინტერნეტ-კომუნიკაციის მომავალი. შმიდტი აქტიურად გამოდის ინტერნეტზე თავისუფალი წვდომის მოთხოვნით. ის იანვარში ჩრდილოეთ კორეაშიც ჩავიდა ვიზიტით და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ინტერნეტის შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაცია მისცა.
რაც შეეხება ასანჟს, ის მიიჩნევს, რომ „ფეისბუქი" ისეთი საინფორმაციო რესურსია, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერი დაზვერვა ოცნებებობს.