წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის სამღვდელოების ორგანიზებით 21 აპრილს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყება , რომელიც გაიმართება სლოგანით - "მამული, ენა, სარწმუნოება". როგორც "ინტერპრესნიუსს" წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღლომა, დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა, წმინდა ილია მართლის ამ სიტყვების ირგვლივ გაერთიანდებიან ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი.
მსვლელობა დაიწყება სპორტის სასახლიდან და დასრულდება 18:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
ტაძარში მისულებს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დალოცავს.
მსვლელობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ უწმინდესს 80 წლის იუბილე მიულოცონ, ასევე ეს შეუძლიათ გააკეთონ წერილობით, დაწერონ თავიანთი თხოვნები და სურვილები და ბარათების სახით დატოვონ ტაძარში ხატების წინ.
დეკანოზის განცხადებით, პატრიარქი დალოცავს ტაძარში მისულებს. ასევე მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ პატრიარქის მიერ დაწერილი "ერის აღსარება".