ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის განცხადებით, "სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მოცემულ გარემოებებში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის მოლოდინი მთლიანად არარეალისტური და შეცდომაში შემყვანიც კი იქნებოდა.
ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიტინგთან დაკავშირებით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის მიმართვაშია ნათქვამი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეგობრებო, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს მეგობრებო, დემოკრატიული საქართველოს მეგობრებო, ევროპული საქართველოს მეგობრებო!
ხანდახან დგება დრო, როცა ვგრძნობთ ჩვენს წინაშე ისტორიის ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლას. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ 2013 წლის 19 აპრილი გამონაკლისია. სამწუხაროდ, მოკლებული ვარ საშუალებას დღეს თქვენთან ერთად საქართველოში ვიყო, თუმცა მხარდაჭერის გამოსახატავად მინდა, შემდეგი გითხრათ.
დღეს, საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, არც თუ შორეული წარსულისთვის დამახასიათებელი მეთოდების: ზეწოლის, ძალადობის, ყალბი ბრალდებების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მანიპულაციების შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ისევ ამაყად დგას როგორც ძალა, რომელიც მზად არის, საკუთარი სათქმელი უთხრას მთელ საქართველოს და მსოფლიოს.
დღევანდელი დღე საქართველოს ევროატლანტიკური გზის ახალი დასაწყისიცაა. ეს თავყრილობა ევროკავშირის ლიდერებს ნათელ გზავნილს უგზავნის: ქართველი ხალხი კვლავაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ არჩევანს და სურს, ამ გზაზე მსვლელობის გაგრძელება. ეს შეკრება იგივეს ეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას.
მეგობრებო, მე გთხოვთ, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულნი. ევროპის სახალხო პარტია თქვენს გვერდით დგას და იდგება.
ჩვენ თქვენს გვერდით ვიდექით 2008 წელს, როცა საქართველოს თავს დაესხა რუსეთი. იმ დროს თქვენ მამაცურად გასწიეთ წინააღმდეგობა და სულაც არ იყო შემთხვევითი ის, რომ ევროპის სახალხო პარტიის დიდმა ლიდერმა, რომელიც იმ დროს ევროკავშირსაც თავმჯდომარეობდა, მთელი ევროპისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით ძალღონე არ დაიშურა ჩრდილოეთიდან მომავალი ჯარების თბილისში შემოსვლის არდასაშვებად. საუბარი მაქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზიზე.
ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახია, მხარს წარსულშიც გიჭერდათ და მომავალშიც დაგიჭერთ. ევროპის კავშირის მამა-დამფუძნებლები ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემქმნელები, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან და ჩვენ ამაყი ვართ, რომ ჩვენს რიგებში გვყავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"! ჩვენი პოლიტიკური პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და პირველმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ დღეს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი თუკი გადაწყვეტს გაჰყვეს ამ გზას. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად დიდია. ჩვენ ვართ ფასეულობების პარტია, ფასეულობებისა, რომლებიც ევროპის კავშირის უდევს საფუძვლად. ამიტომ ევროპის სახალხო პარტია და მთლიანად ევროპის კავშირი ხელს ვერ აიღებს ამ ძირითად ფასეულობებსა და დემოკრატიულ სტანდარტებზე.
ძვირფასო მეგობრებო, ნდობა თბილისსა და ბრიუსელს შორის სამწუხაროდ, გატყდა. ამ ურთიერთობის მთავარი ელემენტი კი სწორედ ნდობაა. ჩვენ შეგვიძლია მოვიპალარაკოთ შესანიშნავ ხელშეკრულებაზე – მაგალითად, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ თავისთავად მოლაპარაკებების დასრულება არაა თვითმიზანი თუკი არ გვაქვს ამ ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარების იმედი. მხოლოდ ეს მოუტანს კონკრეტულ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებს. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების დაწყებამდე მას სჭირდება ხელმოწერა და წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მიერ რატიფიკაცია. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მოცემულ გარემოებებში ხელმოწერისა და რატიფიკაციის მოლოდინი მთლიანად არარეალისტური და შეცდომაში შემყვანიც კი იქნებოდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ემყარება რწმენას, რომ ჩვენ მართლაც ვიზიარებთ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს და მათი განვითარების ვალდებულებას. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიც იგივე ჩარჩოში წარიმართება, მაგრამ სწორედ ამ ნდობის ნაკლებობის გამო, ევროპული საზოგადოებრივი აზრი ვერასდროს მიიღებს ისეთ ქვეყანასთან დაახლოებას, რომელიც პატივს აღარ სცემს ამ ფასეულობებსა და პრინციპებს.
მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა - უიმედო. საქართველოს მომავალი ნამდვილად თქვენს ხელშია და მე ვიცი, რომ საქართველოს ძალუძს შთამბეჭდავი შედეგის მიღწევა.
საქართველო გახდა თანამედროვე სახელმწიფო, მიმზიდველი ქვეყანა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ცნობენ, ქვეყანა რომელსაც შეუძლია დააკაკუნოს ევროპის კავშირის კარზე. მე მახსოვს, სად იყო ეს ქვეყანა 10 წლის წინ, როცა თბილისს კრიმინალური ბანდები აკონტროლებდნენ და ელექტროენერგიაც კი იშვიათობას წარმოადგენდა.
საქართველო ასევე ჩამოყალიბდა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ეფექტურად ფუნქციონირებს. მე, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგით, მაგრამ სწორედ ესაა ნამდვილი დემოკრატია: ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ზოგჯერ ვმარცხდებით და შემდეგ ისევ ვიმარჯვებთ. მე მივესალმე კიდეც იმ ფაქტს, რომ ეს არჩევები ჩატარდა წარმატებით და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. ისტორიაში პირველმა ხელისუფლების გადაცემამ არჩევნების გზით მაფიქრებინა, რომ საქართველო მალე შეუერთდებოდა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების კლუბს. სამწუხაროდ, ჩემი იმედი ხანმოკლე აღმოჩნდა.
მე არ ვამბობ, რომ უწინ ყველაფერი შესანიშნავად იყო. არჩევნებმაც ცხადი შედეგი აჩვენეს. ამომრჩევლებს ვერდიქტი მხოლოდ არჩევნების გზით გამოაქვთ. შერჩევითი და პოლიტიკური სამართალი მიუღებელია. თუ დანაშაულს ადგილი ჰქონდა, იგი უნდა დასაჯოს დამოუკიდებელმა სასამართლომ პოლიტიკური ჩარევის გარეშე. ყველა ის წუხილი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა ბოლო დროს, ყურად უნდა იყოს ნაღები, რაც შეიძლება მალე, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტად ვრჩები. მე მჯერა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა უარს იტყვის ოპოზიციის განადგურების გეგმაზე, სურვილზე აკონტროლოს სასამართლო და დაამყარებს თანაბარი თამაშის წესებს პოლიტიკურ ასპარეზზე ყველა პარტიისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაფიო შედეგი დადგება: ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო განუსაზღვრელი დროით გაიჭედება.
მეტიც, მე მჯერა, რომ მთავრობას მალე მოუწევს თვალი გაუსწოროს საკუთარი უხვი დაპირებების შესრულების საჭიროებას და იმედი მაქვს, რომ იგი შეწყვეტს პოლიტიკური მიზნებისთვის ფაქტებით მანიპულირებას. მე მესმის და ვიზიარებ სურვილს საქართველოს, ჰქონდეს უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან - მეზობლებთან კარგი ურთიერთობები ყველას სურს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის. თქვენ სხვებზე უკეთ იცით, რომ ეს უფრო ძნელია, როცა საქმე ეხება რუსეთს, რომელსაც ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიუხედავად. კარგი ურთიერთობა ვერ დამყარდება ნებისმიერ ფასად, მითუმეტეს - ქვეყნის ინტერესების ფასად. მე ვიცი, რომ ეს ის არ არის, რასაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა გასული წლის ოქტომბერს მისცეს.
მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იმიჯს ზიანი უკვე მიადგა, მე მაინც მშვიდად ვარ. მე მწამს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან დღევანდელი მთავრობისთვის, რომ საქრთველო განვითარების სწორ გზას დაუბრუნოს, რათა ნოემბერში ვილნიუსში გასამართი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდეს.
ევროპის სახალხო პარტიამ მთავრობას შესთავაზა დიალოგი, რათა აღდგეს ნდობა და გადაილახოს წინაღობები. ჩვენ ეს გავაკეთეთ, როგორც ევროპული საქართველოს მეგობრებმა ძალიან ცივილურად და კონსტრუქციულად. ჩვენ ეს დიალოგი განვიხილეთ ჩვენი პარტიის წევრი ევროკავშირის მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურებთან ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტების ლიდერებთან. დღემდე ჩვენ არ შეგვინიშნავს ხელშესახები პასუხი ან საპასუხო ნაბიჯები, მაგრამ კარი ღია რჩება და ამიტომაც მე მოვუწოდებ, პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას, რათა გამოავლინონ პასუხისმგებლობა, ზომიერება და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებო, მეგობრებო! მივმართავ ძვირფას მეგობრებს: პრეზიდენტ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიასა და სხვებს. ვისაც იმედი მაქვს მალე ვიხილავ საქართველოში - თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერის იმედი და იმედი იმისა, რომ ერთად, ევროპული საქართველოსთვის, ჩვენ გადავლახავთ ამჟამინდელ რთულ პერიოდს. ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ თქვენ იქნებით ხელისუფლების მომდევნო დემოკრატიულად გადაცემის მთავარი მოქმედი პირები. რომელიც საქართველოს გზას თანამედროვე დემოკრატიისაკენ შეუქცევადს გახდის", - აცხადებს მარტენსი.