აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2012 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ქვეყანაში 1-ელ ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისკენ წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-სა და ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა შეშფოთებაც გამოთქვეს. დამკვირვებელთა განცხადებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ამომრჩეველთა მაღალი დასწრებით გამოირჩეოდა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, აღინიშნებოდა ხისტი რიტორიკა და ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
საარჩევნო კამპანია პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა დევნისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობდა, - ნათქვამია ანგარიშში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციის მომხრეებს აპატიმრებდნენ ან აჯარიმებდნენ. თუმცა 1992 წლის შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობიდან პირველად, ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაბარება მოხდა. არჩევნების შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა ოპოზიციურმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დაიკავა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხელისუფლების შეცვლამდე, 2012 წელს ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული პრობლემები იყო პატიმართა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთა წამება და შეურაცხყოფა ისევე, როგორც ციხეში არსებული სუბსტანდარტული პირობების საშიშროება.
ნაკლოვანებებია კანონის უზენაესობის მხრივაც, - ნათქვამია ანგარიშში, - ისეთი როგორიც, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ობიექტური სასამართლოს აღმასრულებელი ქმედებების კონტროლის არ არსებობაა, რისი შედეგიცაა პროცესუალური ნორმების დაცვის უთანასწორობა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაძლიერდა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 35 წევრი გადადგა თანამდებობიდან, ზოგიერთი მათგანი იძულებით. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში კორუფციის მაღალი დონე გამოვლინდა. ასევე დაფიქსირდა ქვეყნის შიგნით მომხდარი ძალადობის მაღალი მაჩვენებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულწილად ნაბიჯები გადადგა იმ მაღალჩინოსანთა დაკავებისა და დასჯის კუთხით, რომელთაც ადამიანთა უფლებების დარღვევა ედებოდათ ბრალად, არჩევნებამდელი ხელისუფლება ხშირად წყვეტდა ასეთი საქმეების გამოძიებას, რითიც ხელს უწყობდა დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების 25-ზე მეტ მაღალჩინოსანს წაუყენეს ადამიანთა წამების, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და კორუფციის ბრალდება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს მიღმა რჩება დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. მათი ხელისუფლება კვლავინდებურად ეყრდნობა ათასობით რუსი სამხედროსა და მესაზღვრეს მხარდაჭერას, რომელთაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია.
ანგარიშის თანახმად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია, თუმცა ორივე ტერიტორიაზე ფიქსირდება ძალადობის შემთხვევები. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავენ. დე-ფაქტო ხელისუფლები აგრძელებენ ადამიანთა უფლებების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების, უზღუდავენ მათ არჩევნებში ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირების უფლებასა და მოგზაურობას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა იმ ეთნიკური ქართველების უკან, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაზე, რომელთაც რეგიონი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დატოვეს. დე-ფაქტო ხელისუფლებმა ნება არ დართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე, გარდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარუდგინა ჟურნალისტებს.