ციხის ბუნტის დროს მე ვხედავდი, რომ ბაჩო ახალაია იყო შემსრულებელი და არა - მბრძანებელი, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ელენე თევდორაძემ გადაცემა ”პოლიტმეტრში” საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალაია ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ბოკერიას დავალებებს ასრულებდა.
"ბუნტის დროს ციხესთან მივედი ღამით, 01:30 საათისთვის, რადგან პატიმრებმა დამირეკეს, ციხე ავიღეთ, ჯარი შემოიყვანეს, მობრძანდით და გთხოვთ, არ გვესროლონო. მე იქ დავინახე, რომ ბაჩო ახალაია ბრძანებელი კი არ იყო, არამედ იყო შემსრულებელი, ხან ერთთან მირბოდა, ხან მეორესთან, ხან მესამესთან – იქ იყვნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და მერე მოვიდა ბოკერიაც. მე მაშინ მერაბიშვილს შევთავაზე, ციხეში შევალ, პატიმრებს საკნებში შევიყვან და ამით ყველაფერი დამთავრდება-მეთქი. თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა ის იყო სოზარ სუბართან ერთად ციხეში უნდა შევსულიყავი, რომ ისევ მერაბიშვილის წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა, რომ ქალბატონო ელენე, გადაიფიქრესო. მერე უცებ დაიწყეს სროლა, ეს მოულოდნელი იყო, რადგან ვანო მერაბიშვილმა მომცა პირობა, რომ არ ისროდნენ", - განაცხადა თევროდაძემ.
რაც შეეხება დათა ახალაიას, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, მას იყენებდნენ როგორც "ჩისტილშჩიკს".
"დათა ახალაიას არ ვიცნობ, მას მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრებოდი, როცა ის არღვევდა ადამიანის უფლებებს. მეგის ქარდავასთან მქონდა ურთიერთობა და რომ მაგონდება დღესაც ცუდად ვხდები. გახსოვთ ასევე ვასილ სანოძეც. ის და დათა ახალაია გამოყენებული იყვნენ - როგორც "ჩისტილშჩიკი". ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, არღვევდნენ საზიზღრად და თან მეუბნებოდნენ, რომ ასე იყო საჭირო, ვერ ვიტან. მე რატომღაც არ ვთვლიდი, რომ მეგის ქარდავა იყო "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი გუნდის წევრი, ღმერთმა დამიფაროს, რომ მეც ვყოფილიყავი მასთან ერთად. მე მას ვუპირისპირდებოდი. ერთხელ, მახსოვს, როცა ის მე-7 ციხის დირექტორი იყო და მასთან შევედი, სიწყნარე იყო, სიჩუმე. ვეკითხები, რა ხდება-მეთქი? "აბა ვინმემ გაბედოს და გაიცინოს, მივალ და "ვთხლიშავო", - ასე მიპასუხა. გაოცებული ვიყავი, გავიქეცი და ბაჩოს ვუთხარი, ვინ გყავს დირექტორად-მეთქი", - აღნიშნა თევდორაძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, ბაჩო ახალაია სახალხო დამცველის მოადგილეობის პერიოდში კარგი უფლებადამცველი იყო, რის გამოც გაუგებარია, "შემდეგ რა მოხდა".
"ჩემი აზრით, ეს არ იყო თავად ბაჩო ახალაიას არჩევანი. ამაში მე დარწმუნებული ვარ. თუ ორივე ძმა მზად არის ყველაფერი არ აიღონ მხოლოდ თავის თავზე და თქვან ის, რაც იციან, ვფიქრობ, ეს იქნება მათი მხრიდან უფრო სწორი ნაბიჯი, თუმცა არამგონია, რომ დათა ახალაია ჩამოვიდეს. მთელი ოჯახი ხომ არ ჩაჯდება ციხეში?, - დასძინა ელენე თევდორაძემ.