კონსტიტუციის ძალით პრეზიდენტი ხელშეუვალია და მისი დაკითხვაზე იძულებით მიყვანა არ შეიძლება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი აგვისტოს ომის თემაზე გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
კბილაშვილის განმარტებით, თუ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადებაზე უარს იტყვის, "ყველა პროცედურა გაჩერდება მანამ, სანამ მას პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურება".
"საქართველოს კანონმდებლობა არის ასეთი მოცემულობის - მოწმის სახით რომ პირი დაიკითხოს, კანონი არ იცნობს არანაირ გამონაკლისს, ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვებსაც. სხვა საკითხია, როცა მოწმედ გამოძახებული პირი უარს ამბობს დაკითხვაზე. თუ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტი იქნა გამოძახებული მოწმედ, არ გამოცხადდება ან უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მაშინ ვერავითარი პროცედურა ვერ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის ძალით პრეზიდენტი ხელშეუვალია და არ შეიძლება მისი იძულებით მიყვანა დაკითხვაზე. ამ შემთხვევაში ყველა ეს პროცედურა გაჩერდება მანამ, სანამ პრეზიდენტს შესაბამისი უფლებამოსილება არ ამოეწურება. მართალია, სახეზე გვექნება დარღვევა, რაც გამოხატული იქნება იმით, რომ ის დაკითხვაზე და ჩვენების მიცემაზე უარს განაცხადებს, მაგრამ რაიმე სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტობის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ვერ იქნება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ის ხდება ჩვეულებრივი მოქალაქე და წარსულში არსებული უფლებები აღარ უნარჩუნდება.
რაც შეეხება უშუალოო აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების საკითხს, მთვარი პროკურორის განმარტებით, მისი მიზანია დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს.
"უნდა იქნას გამოძიებული ომის სამართლებრივი მხარე. საუბარია იმის დადგენაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს. ჩვენ არ განვახორციელებთ მომხდარის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეფასებას და არ შევისწავლით მიზანშეწონილობის საკითხს", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, შექმნის სტადიაზეა ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. ჯგუფი გამომძიებლებით დაკომპლექტდება და ერთ-ერთი პროკურორი უხელმძღვანელებს.