საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აგვისტოს ომის გამოძიების დროს პრეზიდენტის დაკითხვას შესაძლებლად მიიჩნევს.
როგორც კბილაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია როგორც საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ შემადგენელზე და არა რაღაც თვითმიზანზე, რომ პრეზიდენტი დაიკითხოს.
"ვინ უნდა იყოს დაკითხული წინასწარ არავითარი განსაზღვრულობა არ არის, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯგუფი შეიქმნება, ჩამოყალიბდება საგამოძიებო გეგმა, განისაზღვრება საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის გამოძიების კვალობაზე იმ პირთა დაკითხვის აუცილებლობა ვინც თემასთან არის შემხებლობაში. ძალიან ზოგადი ლოგიკით, შესაძლებელია მოხდეს ან გათვალისწინებული იქნეს პრეზიდენტის დაკითხვაც. საუბარია როგორც საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ შემადგენელზე და არა რაღაც თვითმიზანზე, რომ ეს კეთდება იმიტომ, რომ პრეზიდენტი დაიკითხოს და საკითხს მიენიჭოს რაიმე პოლიტიკური შემადგენელი", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მისივე თქმით, გამოძიებას ერთადერთი მიზანი იქნება ის, დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს და ვინ ჩაიდინა ის განურჩევლად მისი ეროვნებისა.
"სწორად უნდა იქნეს ნათქვამი და შესაბამისად ნათქვამის ინტერპრეტირებაც უნდა მოხდეს სწორად. ეს თემა ბოლო პერიოდში წამოიჭრა მას შემდეგ, რაც გაცხადდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს ომის სამართლებრივი მხარის დადგენა. ვიმეორებ, რომ აქ საუბარია იმის დადგენაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს. ეს არის სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია. ჩვენ არ ვახორციელებთ და არ განვახორციელებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეფასებას მომხდარის, არ შევეცდებით მიზანშეწონილობის შეფასებას საომარი თუ სამხედრო ოპერაციის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ერთი კონკრეტული და ვიწრო მოცემულობა, რომ დავადგინოთ ჰქონდა თუ არა იმ კონფლიქტის დროს ადგილი ომის დანაშაულს და ვინ ჩაიდინა ის განურჩევლად მისი ეროვნებისა", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი შექმნის სტადიაზეა და ის დაკომპლექტდება გამომძიებლებისგან, რომელიც სამართლებრივი საკითხის გამოკვლევას შეუდგება.