დათა ახალაიას სიმამრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ბენიძემ განუცხადა, ამ განცხადების შესახებ არაფერი იცის , შესაბამისად, მისი ნამდვილობის შესახებ ვერ ისაუბრებს.
მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში იმყოფება, რის გამოც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე არ სმენია.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ვანო მერაბიშვილია.
"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.
ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.
თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.