იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან დათა ახალაიას მნიშვნელოვანი დოკუმენტები გააჩნდეს.
როგორც ხმალაძემ ახალაიას გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხშირად მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლებს აკეთებენ და "პირად სამალავებში ინახავენ".
"დათა ახალაიას თავისი თანამდებობიდან გამომდინარე ჰქონდა ძალიან დიდი ინფორმაცია, იცოდა ბევრი ისეთი რამ, რაც პირთა მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს შეიძლებოდა სცოდნოდა. შესაბამისად, თუ დათა ახალაია დაიწყებს ჩვენებების მიცემას, ეს ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნების შემდგომ ჟურნალისტები აჩვენებდნენ კადრებს, როცა სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების ტეროტორიაზე წვავდნენ რაღაც საბუთებს. მოგეხსენებათ, კვამლი უცეცხლოდ არაა და თუ წვავდნენ, ე.ი. ჰქონდათ მისი განადგურების საფუძველი. ამავდროულად, არის სპეციფიკა, როცა მაღალი რანგის თანამდებობის პირები თავიანთთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლებს ამზადებენ და პირად სამალავებში ინახავენ. ასე რომ, რა იცით რა მოხდება, რა იცით ქარი საით დაუბერავს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამაც. მისი განცხადებით, ახალაიას ყველაზე სწორი პოზიცია გამოძიებასთან თანამშრომლობა იქნება.
"ყოფილი თანამდებობის პირების გამოძიებასთან თანამშრომლობა და საგამოძიებო უწყებისთვის დანაშაულებრივ ფაქტებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ეს იქნება ერთ-ერთი სწორი პოზიცია, რომელიც უნდა იყოს არჩეული", - აღნიშნა ბესელიამ.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.
"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.
ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.
თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.