ბოსტონში მარათონის ხაზთან მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა 134 ადამიანი, რომელთაგან 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის ერთი 8 წლის ბავშვია. პოლიცია დაღუპულთა და ვინაობას და დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას ჯერ არ ასახელებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. დაკავებულებიც არ არიან. მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორმა დევალ პატრიკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ რაიონთან მიახლოებისგან, სადაც აფეთქებები მოხდა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ ქალაქის მცხოვრებლებს რამე ემუქრებათ.
მომხდარს ტერაქტის მუხლით გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.
აშშ-ის მცხოვრებლებს საგანგებო განცხადებით მიმართა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, ვინ იდგა აფეთქებების უკან, თუმცა გამოძიება ძალიან ფრთხილად იმოქმედებს.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ხალხმა ნაადრევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს, ვიდრე ფაქტებს არ ვიცნობთ. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გამოვიძიებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
მისივე განმარტებით, სპეცსამსახურები საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ. ამ ეტაპზე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტები. ბოსტონის საჰაერო სივრცეში კი ფრენა აკრძალულია.