არჩილ გეგეშიძემ ბარაქ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა

არჩილ გეგეშიძემ ბარაქ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ბატონო ელჩო, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ მიზნით მე ველოდები თქვენთან თანამშრომლობას", - განაცხადა ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ.

არჩილ გეგეშიძემ კი აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, წარმოადგენდეს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო ამერიკელი ხალხისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი სულგრძელობისათვის. ის, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა დღეს არსებობს, მნიშვნელოვანწილად ამერიკელი ხალხის თანადგომისა და თქვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგია და ამისათვის ჩვენ მადლიერნი ვართ", – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ რწმუნებათა სიგელების გადაცემისას.


არჩილ გეგეშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეშვიდე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.