"თქვენ ამის შესახებ უკვე ყველაფერი დაწერეთ და კომენტარს არ გავაკეთებთ," - ასეთი პასუხით შემოიფარგლა "ჯორჯიან უოთერ & ფაუერი" (GWP) „კომერსანტის“ მიერ 5 დღის წინ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, რომელიც კომპანიის რუს მფლობელს ეხებოდა.
შეგახსენებთ: 10 აპრილს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი ცნობილი რუსი ბიზნესმენი ანდრეი რაპაპორტია. მეტიც: ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის თავად შეხვდა რაპაპორტს და პირადად გადააფიქრებინა ამ ბიზნესის გაყიდვა.
რუს ბიზნესმენს უკავშირებდნენ წლების წინ "ჯორჯიან უოთერ & ფაუერს“ ოპოზიციის წევრები. თუმცა, კომპანია ამტკიცებდა, რომ მათი მფლობელი შვეიცარული „მულტიპლექს სოლუშენსი“ იყო.
კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის იგორ მატისის განცხადებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კომპანია "მალტიპლექს სოლუშენსის" შვეიცარულ წარმომადგენლობას ეკუთვნის და ეს კომპანია რუსული არ არის.
"ჯორჯიან უოთერ & ფაუერი" რუსი მფლობელის შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უაყოფენ. მაგალითად, პარლამენტარ დავით დარჩაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოსვლის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.
თბილისი საკრებულოს წევრის ნიკო ხაჩირაშვილის განცხადებით კი, მისთვის და ზოგადად მისი სამსახურისთვის, მთავარი თბილისის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება იყო და მათთვის მეორეხარსხოვანი საკითხია, საიდან ან როგორ შემოდიოდა კაპიტალი.
კითხვაზე, რატომ უმალავდა წინა ხელისუფლება საზოგადოებას წყლის მომმარაგებელ კომპანიაში რუსული კაპიტალის მონაწილეობას, ხაჩირაშვილი აცხადებს: „მე ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები: მთავარი იყო ხალხისთვის წყლის მოწოდება და რეაბილიტაცია, ჩვენ ამ საქმით ვიყავით კომპანიასთან ერთად დაკავებული და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ ამოცანის 90 % მოგვარებულია,“ - აცხადებს ხაჩირაშვილი. მისივე თქმით, ამ თემის ირგვლივ მეტ ინფორმაციას არ ფლობს.