პროკურატურის სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტი მუხლობრივი განხილვისთვის დაუბრუნდება .
დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ "პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტის მთავარი არსი და მიზანი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნაში და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებაში მდგომარეობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი იცვლება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესში და ეს საკითხი ზუსტად ისევე რჩება, როგორც ამას დღეს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ანუ მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქმე ისაა, რომ დავითაშვილის მიერ თავდაპირველად წარდგენილი პაკეტი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის საკითხის პრეზიდენტის პრეროგატივიდან პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაში გადასვლას ითვალისწინებდა. ამასთან, აღნიშნული საკითხი მთავრობის მხრიდან "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირებას ითხოვდა, თუმცა, პრეზიდენტმა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას თანხმობა არ მისცა.
"პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით სიახლეა ისიც, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნისთვის უმაღლესი იურიდიული განათლება აღარ მოეთხოვება.