პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს

პარლამენტი 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს .
771 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტს უჩა ნანუაშვილი დღეს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენს, შემდეგ კი მას ფრაქცია "ქართული ოცნების" ფორმატში მოუსმენენ.

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში მარტის ბოლოს შევიდა. ანგარიშის დიდი ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი დაკავების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს ეთმობა.

ანგარიშში ასახულია საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები და გაანალიზებულია სხვადასხვა ხასიათის უფლებადარღვევები.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, მოყვანილია თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთა საქმეები, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომენდაციები სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.
დოკუმენტის ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ნაწილია ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. სახალხო დამცველი პარლამენტს ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა 2012 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს. სახალხო დამცველი ასევე ხაზს უსვამს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ტენდენციაზე.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლების, შეკრება-მანიფესტაციის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს, დოკუმენტის თანახმად, არაერთხელ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება.


ანგარიშში დეტალურადაა განხილული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, შრომის უფლება საჯარო სამსახურში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა უფლებები და ასე შემდეგ.

არ არის გამორიცხული სახალხო დამცველის ანგარიში პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას გავიდეს, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ უნდა მიიღოს.