კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნების პირობას დებს .
როგორც ახალაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სწორედ ამიტომ არ აპირებს ემიგრაციაში თავის შეფარებას.
"არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი", - წერს ახალაია.
დათა ახალაიამ სოციალური ქსელით განცხადება დღეს საღამოს გაავრცელა. მასში შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მათი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უშუალოდ ვანო მერაბიშვილს უკავშირებს და იმასაც ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი უშუალოდ შს ყოფილი მინისტრის ძალაუფლებისკენ დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა განაპირობა.
"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში", - წერს დათა ახალაია.
ამასთან, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ლაფანყურის "ავანტიურა" მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და განახორციელა თავად ვანო მერაბიშვილმა. დათა ახალაიას მტკიცებით, მას აღნიშნულის მტკიცებულებები გააჩნია.