თანამედროვე ტექნოლოგიებით განცხადებების ფაბრიკაცია ძალიან ადვილია და არც ადვოკატის შეცდომაში შეყვანაა შეუძლებელი, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, გავრცელებულ განცხადებაში ვანო მერაბიშვილისადმი ბრალდების აბსურდულობა თავისთავად სახეზეა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ განცხადების გავრცელება 19 აპრილის აქციამდე ხდება.
"ხელისუფლების ხელის კვალი იმაშია, თუ როდის ხდება ასეთი რამ. პარალელურად მიდის პოლიციის გამოყენება სააგიტაციო მასალის წინააღმდეგ, რომელიც 19 აპრილის მიტინგისათვის რიგდება თუ ჩნდება ქალაქში, პარალელურად მიდის რაიონებში ადამიანების დაშინება და ეს არის ნაქები სამართლიანობა და დემოკრატია. და ზუსტად პარალელურად, 19 აპრილისათვის ჩნდება ასეთი განცხადება. ვინ მონაწილეობდა და რა დოზით - გაირკვევა!", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.