საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 19 აპრილის ლოზუნგების ჩამოხსნა პატრულის თანამშრომლების თვითნებურ ქმედებას წარმოადგენდა.
როგორც მაჭავარიანი აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევას შესაბამისი სამსახური შეისწავლის.
|
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, არსებობს კატეგორიული გაფრთხილება, რომ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას ხელი არ შეეშალოს.
"წარწერების და ლოზუნგების თვითნებური განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. ამ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ამ შემთხვევაში გამოიჩინა ზედმეტი ინიციატივა და თვითნებურად მოხსნა ეს წარწერები. აღნიშნული შემთხვევა შესაბამისი სამსახურის მიერ იქნება შესწავლილი.
არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის კატეგორიული გაფრთხილება, რომ ხელი არ შეეშალოს 19 აპრილის აქციის მზადებას, პოლიციამ არ დაუშვას გადაცდომები, არ გაიმეოროს წარსულის რეციდივები და არ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში", - განაცხადა მაჭავარიანმა.
საპატრულო პოლიციის სახელით, მან მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში.