თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნიკა რურუა აგვისტოს ომის საკითხზე ხელახალი გამოძიების დაწყებას "ბრიყვობას" უწოდებს .
როგორც რურუამ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, აღნიშნული ნაბიჯით საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს შესაძლოა დაუკანონოს. "ჩემი აზრით, ეს მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, მაგრამ მათ ნაცვლად ეს "მოხვდება" საქართველოს. რას ვგულისხმობ ამაში?! დასავლეთმა ამ კონფლიქტში თავისი სიტყვა თქვა, როცა თბილისში ჩამოვიდა ათობით ლიდერი, როცა აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა და თავისი, მსოფლიოში უძლიერესი ფლოტილია დაძრა ჩვენი ნაპირებისკენ. გამოძიების ხელახლა დაწყება კი ემსახურება ამ ყველაფრის შებრუნებას. ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აღიარა ასეთად, ამ ბრიყვული ნაბიჯით შეიძლება დავუკანონოთ რუსეთს. ეს იქნება ჩვენს მიერ დასავლეთის სახეში გაწნული სილა", - აღნიშნა ნიკა რურუამ.
მისივე აზრით, ამ ქმედებით საქართველო საბოლოო რაუნდში დაკარგავს თავისი მიწების დაბრუნების იურიდიულ შანსს. "ოკუპაცია არის დროებითი. რუსეთს დაპყრობილი ჰქონია ბევრი ქვეყანა, მაგრამ იქიდან გასულა. ასე რომ, ამ ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვა იქნება დანაშაული", - განაცხადა ნიკა რურუამ.